ფეისბუკის სიახლეებში მეგობრის მიერ გაზიარებულ პოსტს ვაწყდები. ფოტოზე ნიკოლოზ რაჭველია. წარწერით ვიგებ, რომ ,,კულტურის სფეროც გვინადგურდება დროდადრო" და ამისი მიზეზი, მუსიკოსის მიერ გეი წყვილისადმი საქორწინო მილოცვა ყოფილა. პოსტის პირველწყაროს გვერდზე გადავდივარ. ყველა პოსტი ანტილიბერალური და სარკასტულ-აგრესიული ტონით გამოირჩევა, ხშირია სხვა გვერდების რეკომენდაცია ტექსტით - ,,მოიწონეთ გვერდი, მეგობრებო, ეროვნული გვერდია და გავაძლიეროთ". რეკომენდირებულ გვერდებზეც იგივე კონტენტია, ერთი და იგივე თემები ტრიალებს, ყველგან ერთი შინაარსის პოსტები მხვდება გაზიარებული - ყველა აგრესიული. როგორც ირკვევა, მათი აუდიტორია არც თუ ისე ცოტაა, მოწონებების რაოდენობა თითქმის 10 000-ს აღწევს. მთავარი გმირებით, ანუ იმ ადამიანებით ვინტერესდები, რომლებიც კონკრეტული ფეისბუკ პროფაილების მიღმა დგანან და ყველაზე აგრესიული კომენტარებით გამოირჩევიან. ვიფიქრე, რომ მათზე ორგანიზებული დაკვირვება, სავარაუდოდ, რაღაც ახალს მომცემდა, მეტს ვიდრე უბრალოდ ტენდენციაა. |